
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1969 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1966 წელს დაბადებული ო.ა. – ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთის – ჰ.ქ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ინახებოდა.
ჩხრეკის შედეგად, პოლიციელებმა საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და 135 ვაზნა, რომლებიც ნივთმტკიცებად ჩაითვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.