ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 4 ივნისს მომხდარი ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს – გოგი ბარამიძესა და თამაზ შარაძეს – ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ბარამიძეს განზრახ მკვლელობას, ხოლო შარაძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება პატიმრობაში დატოვების შესახებ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხის საფუძველზე მიიღო.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ პოლიციელებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ცდილობდნენ, არარსებული ბრალდება ეღიარებინათ. გოგი ბარამიძე ხმაურის გამო მოსამართლემ სხდომის დარბაზიდან გააძევა, ხოლო თამაზ შარაძემ დაკითხვაზე ძალადობის ფაქტებზე საუბარი გააგრძელა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს შესაბამისი უწყებები დაუყოვნებლივ შეისწავლიან.
გოგი ბარამიძე, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი, ამ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ორივე ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებისთვის კვლავ უცნობია, რით მოკლეს ახალგაზრდა კაცი. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის იარაღი ჯერ არ იდენტიფიცირებულა.
საქმეში ფიგურირებს ერთი მოწმე – ნოშრევან პაქსაძე, რომელიც, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, თვითდასაქმებული ექიმბაშია და საზოგადოებაში „ხოჯის“ სახელით პოზიციონირდება. საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ხოჯას აღსარების მიზნით თითქოს დანაშაულზე უამბო, რის შემდეგაც პაქსაძემ გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
გოგი ბარამიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე, ხოლო თამაზ შარაძეს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ინფორმაციისთვის: გარდაცვლილი ახალგაზრდა აჭარისწყალზე კატერს აქირავებდა. ის საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რის შემდეგაც მანქანა მდინარეში გადააგდეს.



