ხელვაჩაურში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ცივი იარაღით 21 წლის ახალგაზრდა დაჭრა — ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს დაბადებულმა ა.პ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე 2004 წელს დაბადებულ ბ.ფ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
პოლიციელებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, რომელიც ნივთმტკიცების სახით საქმის მასალებს ერთვის.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



