უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლაბაიძეებში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა განთავსებული და ექსპლუატაციაში მოჰყავდა შესაბამისი ნებართვების გარეშე.
„ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები უკვე გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით,“ – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 33 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, ტყის რესურსების დამუშავება განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად და შესაბამისი ნებართვებით.



