
დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა წყლის დეფიციტია. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს სერიოზული სირთულე აქვს სუფთა წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოები იყენებენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჰესების მშენებლობა და წყალსაცავების გამოყენება. როდესაც ჰესებზე ვსაუბრობთ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჰესები მხოლოდ ელექტროენერგიის გენერაციის წყარო არ არის, არამედ მათი წყალსაცავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ წყლის მარაგის მართვაში, წყალდიდობის პრევენციაში და გვალვებთან ბრძოლაში.
ასე მაგალითად, ჰესის კაშხალი ქმნის წყალსაცავს, რომელიც ნალექიან სეზონზე აგროვებს წყალს და თანდათან ამარაგებს გვალვის დროს. ეს საშუალებას აძლევს მოსახლეობას ჰქონდეს სტაბილური ხელმისაწვდომობა სასმელ, სარწყავ და სამრეწველო მიზნით გამოსაყენებელ წყალზე. ასეთი ტიპის მაგალითი მსოფლიოში მრავლად არსებობს, მათ შორისაა, ჰუვერის კაშხალი, რომელიც არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ სასმელი წყლის მთავარი წყარო გახადა ლას-ვეგასი, ფინიქსსა და ლოს-ანჯელესი.
გარდა ამისა, ჰესები უზრუნველყოფენ წყლის მიწოდებას სოფლის მეურნეობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვალვიან რეგიონებში. პროცესი შემდეგნაირია: წყალსაცავებიდან გამოშვებული წყალი ირიგაციის არხებით მიდის ფერმერებამდე და ამცირებს მოსავლის დაკარგვის რისკს. ასეთი ტიპის პრაქტიკაა დანერგილი ეგვიპტეში. ნილოსის კონტროლი შესაძლებელი გახდა წყალსაცავის წყალობით. დღეს მილიონობით ჰექტარი მიწა რეგულარულად ირწყვება, რაც ეგვიპტეს სასურსათო უსაფრთხოებაში ეხმარება.
მიუხედავად მითური წარმოდგენებისა, ჰესების მშენებლობით წყალდიდობასთან ბრძოლაც შესაძლებელია. უფრო კონკრეტულად, მდინარეების ბუნებრივი ციკლი ხშირ შემთხვევაში იწვევს მერყეობებს, გაზაფხულზე დიდდება, ზაფხულში კი შრება. ჰესის წყალსაცავები მოქმედებს როგორც რეგულატორი, კერძოდ აკავებეს ზედმეტ წყალს და ამცირებეს წყალდიდობის საფრთხეს. მაგალითად, ტრინიტის კაშხალი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰესის წყალსაცავია. იგი იცავს ქვემო დინებაში მდებარე ქალაქებსა და სოფლებს კატასტროფული წყალდიდობებისგან, რომლებიც ადრე ათასობით სიცოცხლეს ართმევდა.
აღსანიშნავია, რომ ჰესების მსგავსი პოზიტიური გამოცდილება საქართველოშიც არსებობს. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ენგურჰესი, რომელიც ერთდროულად იცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის მოულოდნელი ადიდებებისგან. კიდევ ერთი მაგალითია სვანეთის სოფლებში მოქმედი მცირე ჰესები, რომელთა ფუნქციონირებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სასმელი წყლის სისტემების მუშაობა, რომლებიც ადრე ტუმბოების გათიშვის გამო ხშირად ზარალდებოდა.
საბოლოო ჯამში, ჰესების მშენებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა წყლის პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი აგროვებენ და ინახავენ წყალს გვალვისთვის, ამარაგებენ სარწყავ სისტემებს, უზრუნველყოფენ სასმელი წყლის სტაბილურობას, იცავენ მოსახლეობას წყალდიდობებისგან და აძლიერებენ წყალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესებს აქვთ ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები, მათი სწორი დაგეგმვა და მართვა მსოფლიოს მრავალ რეგიონში წყლის კრიზისის შემსუბუქების მთავარ ინსტრუმენტად რჩება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი
მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია.