„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს დამატებით განმარტებასა და დეტალურ ინფორმაციას იმ შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „POSTV“-სთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, რომ სანქციების ეფექტი მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციით არ შემოიფარგლება. დასავლური საფინანსო სისტემის ურთიერთდაკავშირებულობის გამო, ამ ტიპის სანქციებს პრაქტიკულად მთელი დასავლური ფინანსური სივრცე ითვალისწინებს. შესაბამისად, ქართული საბანკო სისტემა ვალდებულია დაემორჩილოს ამ შეზღუდვებს.
ორგანიზაციის განმარტებით, სანქციების შედეგად „იმედსა“ და „პოსტივის“ ქართულ ბანკებში ანგარიშები გაეყინებათ და მათთვის ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია შეიზღუდება. ეს მოიცავს რეკლამიდან შემოსავლის მიღებას, ხელფასების გაცემას, სესხებისა და სხვა ფინანსური სერვისების გამოყენებას.
ამასთან, TI მიუთითებს, რომ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან ფინანსური ან სხვა სახის თანამშრომლობა სერიოზულ რისკს უქმნის როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფო უწყებებს. მსგავსი ქმედებები შესაძლოა შეფასდეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობად და გამოიწვიოს ე.წ. მეორადი სანქციების ამოქმედება.
ორგანიზაციის შეფასებით, სანქციები გავლენას იქონიებს ტელეკომპანიების თანამშრომლებზეც – მათ შესაძლოა გაუჭირდეთ საბანკო მომსახურების მიღება, სესხებზე წვდომა და საერთაშორისო საქმიანობაში მონაწილეობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება, ხოლო დამხმარე პირები და კომპანიები საერთაშორისო პასუხისმგებლობის რისკის წინაშე დადგებიან.
გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, სკეპტიკურად აფასებს სანქციების პირობებში საკუთარი ბანკის შექმნის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, საქართველოში ბანკის დაფუძნება მხოლოდ სურვილი ან თანხის არსებობა არ არის. პროცესი მკაცრად რეგულირდება და მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალს, რომლის გამოყენებაც საოპერაციო მიზნებისთვის დაუშვებელია. ამასთან, ბანკის ინფრასტრუქტურის შექმნა დამატებით ათეულობით მილიონ ლარს საჭიროებს თანამედროვე საბანკო სისტემები, კიბერუსაფრთხოება, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი გუნდი.
შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო, პროპაგანტისტული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, საკუთარი ბანკის შექმნას გეგმავს, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სანქციების ჩამონათვალში მოექცა.
დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა



