“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს და ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ენმ-ის შეფასებით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას, დაშინებას, მუქარასა და შანტაჟს ადასტურებს. პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარი შესთავაზეს, რათა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის რიგები დაეტოვებინა.
„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი, მათ შორის სცადეს მისი მოსყიდვაც და შესთავაზეს 100 000 დოლარი“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.
ენმ-ის განცხადებით, ფუტკარაძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახის წევრთან საუბრისას შიში გამოთქვა, რომ შესაძლოა მის შვილებს საფრთხე შექმნოდათ.
მარიამ დოლიძემ პროკურატურას მოუწოდა, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს. პარტია მიიჩნევს, რომ საქმეში მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გამოიკვეთოს.
ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც ენმ-ის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო, 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ენმ-მ განაცხადა, რომ მასზე საკრებულოს დატოვების მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა.

