სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სადაც მოქალაქე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის სამედიცინო პერსონალს სერიოზულ შეცდომებსა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
პოსტის ავტორის ნიკა საჯაიას თქმით, მისი უახლოესი ნათესავი — მოზარდი, 26 ივლისს ღებინებისა და მუცლის ტკივილის სიმპტომებით მიიყვანეს აღნიშნულ კლინიკაში.
როგორც პოსტშია აღწერილი, პაციენტს ჩაუტარდა ანალიზები, გადასხმა და ექოსკოპიური კვლევა, რის შემდეგაც ექიმებმა ეჭვი გამოთქვეს სეფსისზე და განაცხადეს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. მოგვიანებით, ოჯახს უთხრეს, რომ შესაძლოა „უიშვიათეს დაავადებასთან“ ჰქონოდათ საქმე, თუმცა დიაგნოზი კვლავაც დაუდგენელი რჩებოდა.
„ახლა ამიხსენით, XXI საუკუნეში, გახეთქილი ბრმანაწლავი ‘უიშვიათესი დაავადება’ როგორ უნდა ეგონოს ნორმალურ ექიმებს?! როგორ უნდა ენდო ან ამათ, ან ამ დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს?! ეს ყველაფერი ხომ თანხებთან არის დაკავშირებული — და ვისაც ამის საშუალება არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?! ამ შემთხვევაში დედამ იეჭვა რაღაც, რადგან თავადაც მედიკოსია და ბრმად არ ენდო ამ მართლა გიჟების კორპორაციის მუშაკებს, მაგრამ ვინც ვერ ერკვევა და ვერ ხვდება, იმან რა უნდა ქნას?“ — წერს ნიკა საჯაია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აღწერდნენ და აცხადებდნენ, თითქოს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გულის, ფილტვის ან ღვიძლის გაჩერება, მოზარდი კონტაქტური იყო და არ აჩვენებდა იმ სიმძიმის ნიშნებს, რასაც ექიმები აღნიშნავდნენ. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, პაციენტი თბილისში ან თურქეთში გადაეყვანა, თუმცა კლინიკის მხრიდან გადაყვანის პროცესი გაჭიანურდა.
პოსტის ავტორი აცხადებს, რომ სხვა კლინიკაში ჩასვლის შემდეგ პირველივე გამოკვლევამ აჩვენა — პაციენტს ბრმა ნაწლავი ჰქონდა გახეთქილი, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციამ დაახლოებით 45 წუთი გასტანა, ხოლო მოზარდი ამჟამად მკურნალობის ბოლო ეტაპს გადის.
„რომ არ გადაგვეყვანა, მერე მართლა საშინელება დატრიალდებოდა — მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანიზმი! ასეთი ექიმები ღუპავენ პაციენტებს და მათ ოჯახებს, და ასეთები უფუჭებენ სახელს იმ ექიმებს, რომლებიც მართლა პროფესიონალები და კეთილსინდისიერები არიან!“ — წერს საჯაია.
ნიკა საჯაიას თქმით, მომხდარზე ოფიციალური საჩივრით მიმართავს შესაბამის უწყებებს და მოითხოვს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმიანობის სრულყოფილ გამოძიებას.
იმ შემთხვევაში თუ მძიმე ბრალდებებს კლინიკის ადმინისტრაცია გამოეხმაურება მასალა განახლდება.



