არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან სასამართლოს გზით გამოთხოვილი იქნა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები. უფლებადამცველების შეფასებით, ეს პროცესი წარმოადგენს „რუსული კანონების“ პრაქტიკაში დანერგვის მცდელობას და მათი თქმით, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
NGO-ების განცხადებით, მათ სასამართლოს გზით მოეთხოვათ იმ ადამიანების სრული პირადი ინფორმაცია, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მათ შორის არიან წამებისა და ძალადობის მსხვერპლები, სტუდენტები, მასწავლებლები, პენსიონერები, შშმ პირები, ჟურნალისტები, მეწარმეები და საჯარო მოხელეები. მოთხოვნილი მონაცემები მოიცავდა პირად ნომრებს, სახელებს, გვარებს, ფოტოსურათებს, ფინანსურ და საბანკო დეტალებს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მიზანი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი არ გადასცემენ ინფორმაციას და არ გიღალატებენ იმ ადამიანების ნდობას, რომლებიც მათ დაუკავშირდნენ იურიდიული ან სოციალური მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს… კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს მოთხოვნების წინააღმდეგ და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დევნის შემთხვევაშიც კი არ დაარღვევენ კონფიდენციალურობის ვალდებულებას.



