
102 დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი მკაცრად გმობენ რუსული კანონების შემოღებას საქართველოში. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს რუსული კანონის გადაფუთვას, რაც გაზრდის სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიებს და შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს.”
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი, რომელიც რუსული პროპაგანდისა და ავტორიტარული რეჟიმებისგან შემდგარი კანონმდებლობის განსახორციელებლად მიიღეს, ანტიკონსტიტუციური და ანტიქართულია. მათი შეფასებით, ასეთი კანონები არსებითად ზღუდავს ადამიანთა თავისუფლებას. ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ რუსული კანონები, მათი რეალიზაცია და გამკაცრება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში არსებულ მიდგომებს ადასტურებს, რაც საქართველოსთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მისი დემოკრატიული მისწრაფებები აბსოლუტურად არ ჯდება რუსულ კანონებთან.
„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.
ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული „ფარას“ პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.
უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს”,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 102 ორგანიზაცია აწერს.