აქტივისტი თამარ კურატიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მორიგი ჯარიმის შესახებ აცნობეს.
მისი თქმით, დაჯარიმებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც კედლების, ღობეების ან სხვა ობიექტების დაზიანებასა და წარწერების დატოვებას ეხება.
კურატიშვილი განმარტავს, რომ საქმე ეხება სტენსილს წარწერით „სილა რეჟიმს“, რომელიც, მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, იმ პოლიციის განყოფილების თაღებზე გააკეთა, სადაც ამაღლობელი დააკავეს.
მისი თქმით, ამავე განყოფილებას მზიასთვის უპასუხია, რომ გარე კამერები არ გააჩნია, თუმცა მის შემთხვევაში მტკიცებულებად სასამართლოში ვიდეომასალა წარადგინეს.
„აი, რაც შეეხება ჩემს ჯარიმებს – სტენსილის ჯარიმებს ვიხდიდი ხოლმე, თუმცა ამ ბოლო ხანებში უსამართლოდ და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების შემდეგ, გადავწყვიტე, ჯარიმები სისტემას ვათვლევინო. სასამართლო პროცესებს დავესწრები იმის მიხედვით, რა ხასიათზე გავიღვიძებ,“ – წერს კურატიშვილი.
სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. აქტივისტი მოქალაქეებს პროცესზე დასასწრებად იწვევს, მას „მორიგ კონცერტს“ უწოდებს.



