3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ და საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდიან.
ქარტიის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. შეფასებაში აღნიშნულია, რომ არსებული ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“ და რიგ შემთხვევაში არადემოკრატიული რეჟიმების მაჩვენებლებსაც უახლოვდება.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფორმები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოიცავს როგორც დეზინფორმაციულ კამპანიებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე ფიზიკურ ძალადობას. განცხადების მიხედვით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჟურნალისტები საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხვდებიან, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დარღვევას აშუქებენ.
ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა გამოძიებული არ არის, რაც დაუსჯელობის განცდას ამყარებს და ძალადობის განმეორებას უწყობს ხელს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც. ორგანიზაცია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უსამართლოდ მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
ქარტია ასევე აკრიტიკებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ზღუდავს როგორც მედიის თავისუფლებას, ისე ზოგადად ადამიანის ძირითად უფლებებს. ორგანიზაციის თქმით, მედიისთვის შეიზღუდა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, გაიზარდა სანქციების რისკი, ხოლო ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება გახშირდა.
განცხადებაში კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლიც, რომელიც, ქარტიის მიხედვით, მედიასაშუალებების შინაარსობრივ კონტროლში აქტიურად ერთვება და ორმაგ სტანდარტებს იყენებს.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჟურნალისტებს ხშირად არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პარლამენტსა და სასამართლოებზე, რაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქარტიის შეფასებით, ქართული ჟურნალისტიკა კვლავ აქტიური და განვითარებადია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებაში.
დასასრულს, ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.
დაკავშირებული თემები ⇓
„აჭარა თაიმსის“ ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ
სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების მსოფლიო რუკაზე აისახა
პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით



