ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.
დღევანდელი სხდომა მოსამართლეების შეკითხვებსა და მხარეებს შორის მწვავე დისკუსიით წარიმართა. განხილვისას მხარეებმა ისაუბრეს როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის, პარტიებს შორის კავშირებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე.
სასამართლო ამ ეტაპზე შეკითხვების რეჟიმში რჩება. მოსამართლეებმა კითხვები დაუსვეს როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეებს. სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე საკითხზე მოსამართლეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და საბოლოო სიტყვა ამომრჩეველს ეკუთვნის. მისი შეფასებით, პარტიის აკრძალვის საფუძველი მისი კონკრეტული მიზნები და მოქმედებები უნდა იყოს და არა სახელმწიფოს მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები.
წითლიძემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა წინა ხელისუფლების პერიოდში მიღებული ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდობოდეს სასამართლოს, რომლის მოსამართლეებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ამ განცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის მონაწილეობით გაიმართა. გოცირიძემ პარტიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენად უნდა მიეწეროს „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის პერიოდში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი ვაზაგაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეები.
მოსამართლე დაინტერესდა, უნდა დაეკისროს თუ არა პოლიტიკურ გაერთიანებას პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დანაშაულები სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით ხდებოდა, მათი გამოძიება არ ხორციელდებოდა და კონკრეტული პირები მოგვიანებით სახელმწიფო ჯილდოებსაც იღებდნენ.
ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლის შეკითხვა პოლიტიკურ შეფასებად მიიჩნია და განაცხადა, რომ პარტიას არ შეიძლება შეერაცხოს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, პარტიას გამოძიების ფუნქცია და შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა. ბეჟაშვილის შეფასებით, სასამართლოში ისტორიული მართლმსაჯულების განხორციელების მცდელობაა, მაშინ როდესაც სარჩელის მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება.
გოცირიძემ თავის მხრივ განმარტა, რომ პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას სასამართლომ სწორედ ის უნდა შეაფასოს, მიეწერება თუ არა კონკრეტული ქმედებები შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებას. ამ საკითხზე ბეჟაშვილისა და მოსამართლის პოზიციების გაცვლის შემდეგ პროცესში ჩაერთო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც, რომელმაც მოპასუხე მხარეს მოსამართლის შეკითხვის ფორმასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო შენიშვნა მისცა.
სხდომაზე ყურადღება მიიქცია ევა გოცირიძის კიდევ ერთმა შეკითხვამაც. მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საპირისპირო პოლიტიკურ შედეგს და ხომ არ გააძლიერებს მათ საზოგადოებაში „დაჩაგრულის“ სტატუსის მოპოვების გზით. მან ასევე იკითხა, რამდენად აუცილებელია პროცესებში ჩარევა, თუ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გავლენა ისედაც შემცირებულია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სარჩელის მიზანი არა პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორება, არამედ კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის შესაძლოა პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელიც იყოს იმ ოპოზიციური პარტიების არსებობა, რომელთა საქმიანობა საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა, მისი განმარტებით, გადაწყვეტილება კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებიც გააკრიტიკეს. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ მას უხარისხო და სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებული დოკუმენტი უწოდა, გიორგი სიორიძემ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მის პარტიას სასამართლოში ისეთი მოვლენების შესახებ უწევს პასუხის გაცემა, რომლებიც მის დაფუძნებამდე, 2019 წლის დეკემბრამდე მოხდა.
სიორიძემ ასევე ისაუბრა ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ფორმალური ოპოზიციის საკითხზე და განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება რეალურ ოპოზიციად მხოლოდ რეგისტრაციის ან პარლამენტში ყოფნის საფუძველზე ვერ ჩაითვლება. მისი შეფასებით, ოპოზიციურობა უნდა განისაზღვრებოდეს რეალური პოლიტიკური საქმიანობითა და მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი პოზიციით.
სხდომაზე პოლიტიკური დაპირისპირება ამომრჩევლის შეფასებასაც შეეხო. „ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველიც ჰყავს, უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას პროქართული ამომრჩეველი უჭერს მხარს.
ამავე თემას მოგვიანებით არჩილ გორდულაძეც გამოეხმაურა. მან ოპოზიციის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი წარსულში ჩადენილ დანაშაულებს არ ემიჯნებიან. გორდულაძემ ოპოზიციის ზოგიერთი განცხადება სამართლებრივ ნონსენსად შეაფასა და თქვა, რომ მათი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
დღევანდელ პროცესს მხარეების ურთიერთბრალდებები მოჰყვა სხდომის დასრულების შემდეგაც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები წარსულში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით მიუღებელია და, მისი შეფასებით, პარტიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას არ ემიჯნებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კვლავ ამტკიცებენ, რომ სარჩელი პოლიტიკური მოტივებით არის მომზადებული და მისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი 21 ოქტომბერს შევიდა. მას პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, შეკითხვებისა და პასუხების ეტაპი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება. მორიგი სხდომა 13 ნოემბერს არის დაგეგმილი.

