ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტ თემურ ტარიელაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც სოციალურ ქსელებსა და მედიაში ერთ-ერთი სტუდენტის მხრიდან სტუდენტი გოგონების მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და იძულების ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
უნივერსიტეტის რექტორის, ტიტე აროშიძის ხელმოწერილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ სასწავლებელი სტუდენტთა ღირსებისა და უსაფრთხო გარემოს დაცვას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, თუმცა დისციპლინური წარმოების დასაწყებად მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ზოგადი ინფორმაცია საკმარისი არ არის.
ადმინისტრაციის განმარტებით, წარმოდგენილ განცხადებაში არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამრღვევი, დაზარალებული, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არც მტკიცებულებებია დართული.
ბსუ-ს პოზიციით, სავარაუდო მსხვერპლის კონფიდენციალურობისა და უფლებების დაცვის მიზნით, რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ფორმით შევსებული საჩივრის საფუძველზე, რომელიც დაზარალებულმა უშუალოდ უფლებამოსილ პირს, ფსიქოლოგიის კლინიკის კორდინატორ ქეთევან ბერიძეს ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს უნდა წარუდგინოს.
რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, უნივერსიტეტი ხაზს უსვამს, რომ დანაშაულის ნიშნების დადგენა და გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაცია შესაბამის უწყებებს ინფორმაციას კანონის სრული დაცვით მიაწვდის.
ამავე თემაზე🔻

