ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ამ ეტაპზე გამოძიება არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ 112-ში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, უწყებას მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
საქმე ბსუ-ის სტუდენტების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. სტუდენტების ნაწილის ცნობით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი ბიჭი მათ ნდობას მოიპოვებდა, რის შემდეგაც, მათი მტკიცებით, სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა.
⇔ ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და გასაჯაროებული მიმოწერების მიხედვით, სავარაუდო მსხვერპლებთან კომუნიკაცია ნდობის მოპოვებით იწყებოდა, რის შემდეგაც, მათი მტკიცებით, მათზე სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა.
მომხდარს გამოეხმაურნენ ბსუ-ის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებიც. მათ ნაწილმა დაზარალებულ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა და უნივერსიტეტისგან რეაგირება მოითხოვა. სტუდენტებმა ასევე მოითხოვეს ფაქტების შესწავლა და უნივერსიტეტის ეთიკის მექანიზმების ამოქმედება.
„ნამდვილად სამწუხაროა გავრცელებული ინფორმაცია. მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს, რომელიც არ ერიდება მსგავს საკითხზე ღიად საუბარს. ასევე მადლობა მათ, ვინც ერთმანეთის მიმართ სოლიდარობასა და თანადგომას იჩენთ. კარგად მესმის, რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს ასეთ ვითარებაში სტუდენტის ან მოსწავლის მდგომარეობა. წარსულშიც მქონია მსგავსი შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მოუმართავთ და ერთობლივი ძალისხმევით, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, მათი უფლებების დაცვა შევძელით. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე სრული სიმართლე და დავრწმუნდე, რომ არცერთი სტუდენტი არ განიცდის ზეწოლას და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მინდა, თითოეული თქვენგანი დავარწმუნო, რომ ჩემთვის გაზიარებულ ინფორმაციას მაქსიმალური კონფიდენციალურობით მოვეკიდები. სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ და გამოვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ ბერკეტს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბსუ-ის განათლების დოქტორმა ია ხასაიამ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემო ტარიელაძე კი უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას მიმართავს და სტუდენტ გოგონათა მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და იძულების ფაქტებზე საქმის აღძვრას ითხოვს.
„გაცნობებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცნობილი გახდა ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის მხრიდან სტუდენტ გოგონათა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და იძულების ფაქტების შესახებ. სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციითა და გასაჯაროებული მიმოწერებით იკვეთება, რომ აღნიშნული პირი თავდაპირველად ნდობაში შედიოდა სტუდენტებთან სხვადასხვა საკითხში დახმარების დაპირებით, ხოლო შემდეგ მათ სავარაუდოდ უგზავნიდა სექსუალური ხასიათის არასასურველ შეტყობინებებს და აიძულებდა სექსუალურ ურთიერთობას.
ბსუ-ს ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევად მიიჩნევა „…დისკრიმინაციის, მათ შორის შევიწროების/სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევა“ – რასაც ეთიკის კოდექსი განმარტავს არასასურველ ქცევად, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
მოგმართავთ, ბსუ-ს ეთიკის კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული დარღვევაზე საქმის აღძვრის მოთხოვნით. აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობა წარმოადგენს ეთიკის კომისიის მიერ საქმის აღძვრისა და დროული რეაგირების პირდაპირ საფუძველს. ვინაიდან, ასევე სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137ე, 138ე, 139ე და 141ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ნიშნები მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს პროკურატურას,“ – წერს თემო ტარიელაძე მიმართვაში.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდულ საბჭოს წარმოადგენს.
„მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აქვს ადგილი“ – განუცხადეს „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერიაში საკითხის კომენტირებისას.
„აჭარა თაიმსი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. უნივერსიტეტის პოზიციას მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.
გავრცელებული ბრალდებების შემდეგ აღნიშნული პირის სოციალური ქსელის გვერდი აღარ იძებნება. „აჭარა თაიმსი“ მასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მან სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა. თუ ბრალდების ადრესატი დაგვიკავშირდება, მზად ვართ, მოვისმინოთ მისი პოზიცია და მასალა განვაახლოთ.

