საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა მხარეებს შორის არაერთი დაპირისპირებით, მოსამართლეების მწვავე შეკითხვებითა და პოლიტიკური შეფასებებით გამოირჩეოდა.
პროცესის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვეს. მათი შეფასებით, მოსამართლის მიერ წინა სხდომაზე დასმული კითხვები და მოპასუხე მხარის პასუხებზე მისი რეაქცია ქმნიდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მას საქმის მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.
შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, მოსამართლის მიერ კრიტიკული და მწვავე კითხვების დასმა მიკერძოებულობაზე არ მიუთითებს. მისი თქმით, სასამართლოს ვალდებულებაა, ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით მოისმინოს მხარეთა პოზიციები.
დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და 2025 წლის 4 ოქტომბრის აქცია იყო. მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ინტერესდებოდნენ, როგორ აფასებდნენ ისინი ამ მოვლენებს და ემიჯნებოდნენ თუ არა ძალადობრივ ქმედებებს.
ანა წითლიძემ განაცხადა, რომ არ გაემიჯნება ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც მისი თქმით, მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი იყო. 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას მან გაიხსენა, რომ მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნას.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, წითლიძემ განაცხადა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებების დასაცავად პროტესტის გამოხატვისა და ადმინისტრაციული შენობების დაკავების უფლებაც აქვთ. მან ეს პოზიცია პირად მოსაზრებად წარმოადგინა და არა პარტიის ოფიციალურ განცხადებად.
ამ განცხადებას მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ადმინისტრაციული შენობების დაკავების მოწოდება კონსტიტუციური წესრიგის დამხობას გულისხმობს და ადასტურებს იმ არგუმენტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის სარჩელში ეყრდნობა.
პროცესის პარალელურად, დაპირისპირება პარტიის წარსულსა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლსაც შეეხო. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც სასამართლოში პარტიის პასუხისმგებლობისა და ცალკეული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამიჯვნაზე საუბრობდნენ.
სააკაშვილის განცხადებას გორდულაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლების პოზიციები თავად ყოფილ პრეზიდენტსაც არ მოსწონს. მოგვიანებით ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას პარტიის წარმომადგენლობაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს და პარტიის მმართველმა საბჭომ მასთან კონსულტაციები უნდა გამართოს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, პარტიის ინტერესები სასამართლოში სხვა წარმომადგენლებმაც უკეთ წარმოაჩინონ.
ბეჟაშვილის განმარტებით, მათი დაცვის სტრატეგია ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს და მიზნად ისახავს იმის დასაბუთებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის კონსტიტუციური საფუძვლები არ არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები ავტომატურად ვერ გახდება პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საფუძველი.
სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არჩევნების შედეგების არაღიარების, ბოიკოტისა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციების პოლიტიკურ შედეგებზეც ჰკითხა. იგი დაინტერესდა, ხომ არ აზიანებს მსგავსი პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს და ხომ არ უწყობს ხელს არჩევნების, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მექანიზმის, დისკრედიტაციას.
ანა წითლიძემ პასუხად განაცხადა, რომ პარტია ვერ შეეგუება იმას, რასაც ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანის უფლების შეზღუდვად მიიჩნევს. მისი თქმით, პროტესტის მიზანი არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა.
სასამართლოში წარსულში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხიც განიხილეს. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლოსა და პროკურატურაში მძიმე მდგომარეობა იყო, თუმცა მისი შეფასებით, არსებული ვითარება არც დღეს არის უკეთესი. მან მოსამართლე ვასილ როინიშვილს მიმართა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა პროკურატურაში. როინიშვილმა ამ საკითხზე პასუხისგან თავი შეიკავა.
გრიგოლ გეგელიამ კი განაცხადა, რომ პარტია ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს და სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ქარტია, საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. მისი თქმით, ქარტიის მიზანი სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული საგარეო კურსის დაცვაა.
დღევანდელ სხდომაზე განხილული იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის სასამართლო პროცესზე დაბრუნების საკითხიც. მან შესაბამისი შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა პლენუმმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რევაზ ნადარაიას განმარტებით, კოპალეიშვილი სასამართლო დარბაზიდან წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გააძევეს და ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება.
სხდომის დასასრულს კოალიციის წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ სასამართლოს მომდევნო განხილვების გადადება სთხოვა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები თბილისში საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ემზადებიან და პროცესზე დასწრება შესაძლოა მათ ამ საქმიანობაში ხელს უშლიდეს.
სასამართლოს თავმჯდომარემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რევაზ ნადარაიას განცხადებით, საქმე მასშტაბურია, მის განხილვაში ჩართულია სასამართლოს მთელი შემადგენლობა და აპარატი, ხოლო პროცესის ხანგრძლივი დროით გადადება დამატებით რესურსებს მოითხოვს. მისი თქმით, სასამართლო უკვე დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით გააგრძელებს მუშაობას.
მომდევნო სხდომა 16 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 88 დეპუტატმა მიმართა. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტური პარტიისა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში.

