შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ., რომელსაც ბრალად ედება ადევნება, მუქარა და პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება და გავრცელება.
გამოძიების მტკიცებით, რ.ხ. ქალისა და კაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული, დაზარალებულ ქალს სისტემატურად უთვალთვალებდა. როგორც უწყება იუწყება, ის პირადადაც და მობილური ტელეფონის საშუალებითაც ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას დაზარალებულთან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქალის პერსონალური მონაცემების გამოყენებით შექმნა რამდენიმე ვებგვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. აღნიშნული ქმედება, გამოძიების ცნობით, მიზნად ისახავდა ქალის დამცირებასა და საზოგადოების წინაშე მისი რეპუტაციის შელახვას.
მუქარა რ.ხ.-მ დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რ.ხ. უკვე დააკავა და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება), 157-ე მუხლით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება) და 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს.
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



