„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს.
შემთხვევა ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
თვითმხილველი „აჭარა თაიმსს“ უყვება, რომ ისინი საკონდიტროს წინ, საჩრდილობელში ისხდნენ, როდესაც მათთან მოპედით უცნობი პირი მივიდა და ახალგაზრდა კაცის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილმა ადგილზე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
განახლება:
„დასრულდა რამდენიმე საათიანი რთული ოპერაცია. პაციენტს მუცლის ღრუში სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – განაცხადეს კლინიკაში.
ნახეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

