შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე — 1991 წელს დაბადებული ს.ბ.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა”, რომლებიც საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს.
ს.ბ.-ს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების — „კოკაინისა“ და „მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.



