საქსტატის ცნობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2025 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა, რაც ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. სტატისტიკის სამსახურის უახლესი მონაცემებით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფასის მკვეთრმა მატებამ განაპირობა.
კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 33.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც მთლიან ინდექსში 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 13.3 პროცენტით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლის ზრდაში ერთწლოვანი კულტურების წვლილი კიდევ უფრო მაღალია – 51.6 პროცენტიანი ზრდა, რაც ჯამში ინდექსის ცვლილებაზე 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა.
ამავე პერიოდში განსხვავებული ტენდენცია შეიმჩნევა მრავალწლოვანი კულტურებისა და ცხოველური პროდუქტების მიმართულებით. მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა (ინდექსზე -1.16 პპ გავლენა), ხოლო ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც ინდექსის ცვლილებაში 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი ასახავს ფერმის დონეზე (ე.წ. „ფერმის კართან“) რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასის ცვლილებებს. ინდექსი მოიცავს როგორც ერთწლოვან (ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი და სხვ.), ისე მრავალწლოვან (ხილი, ყურძენი, თხილი) კულტურებს, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (რძე, თაფლი, პირუტყვი და სხვ.).


