„უმუშევრობაა აქ, რა უნდა აკეთოს ახალგაზრდამ, უსაქმურად ხომ არ იქნება?“
„ხულოში თუ ვინმე დასაქმდა, ყველა მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრია, ან ნათესავ-მეგობარი, სხვა აქ ვერ ნახავს სამსახურს.“
„ხულოში ცოტა მიწაა, მოსავალი ძლივს ყოფნის ოჯახს და ზედმეტიც რომ მოიყვანოს, სად წაიღოს? ადრე თუთუნი მოგვყავდა და ვაბარებდით, ახლა ეგეც არაა.“
„სოფელში მოსავალი რომ მოვიყვანოთ, ბაზარზე წაღება ჭირს, ხარჯთანაა დაკავშირებული, თან ძალიან ცოტას იხდის მყიდველი. ამიტომაა, ყველაფერს ქალაქში ვყიდულობთ და აგვაქვს.“
„ინგრევა სახლები, რთული პირობებია აქ, საშიშია ზოგ სახლში ცხოვრება. უკეთესი პირობები უნდა ადამიანს და ტოვებს თავის სახლ-კარს, ქალაქში ეძებს რაღაც სამსახურს. აქ ის ხალხი ვართ ძირითადად, წასასვლელიც რომ არ გვაქვს. ახლა მე რომ ქალაქში ჩავიდე, რა უნდა გავაკეთო ამ ასაკში?“
„აღმშენებლობაა ბათუმში და იმიტომ მიდის ხალხი აქედან იქით.“
ძირითადად ამ მიზეზებს ასახელებენ ადგილობრივები, როცა ვეკითხებით, რატომ დაიცალა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლები მოსახლეობისგან, რა აიძულებს ოჯახს, დატოვოს საკუთარი მეურნეობა და სხვაგან გადასახლდეს. მიზეზებს შორის დასაქმების პრობლემას, მწირ შემოსავალსა და ეკოლოგიურ საფრთხეს ყველაზე ხშირად ახსენებენ. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები გვესაუბრებიან. ახალგაზრდები არ ჩანან, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია და წესით, ახალრეაბილიტირებული სკვერი სავსე თუ არა, მთლად ცარიელიც არ უნდა იყოს. რამდენიმე ახალგაზრდა თუ შევნიშნეთ, ისიც მუნიციპალიტეტის მერიის რომელიმე სამსახურში ან ორგანიზაციაშია დასაქმებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი მართლაც განახევრებულია. დემოგრაფიულ უკუსვლას ვერც „მთის კანონმა“ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის მიღების საფუძვლად სწორედ მოსახლეობის მთაში დამაგრება დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც 2015 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა, აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების უცვლელ დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ანზორ ბოლქვაძეს (ის პარლამენტის წევრია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა კენჭი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა) მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნდა და აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად წაახალისა კერძო მეწარმეები, გაიხსნა საწარმოები, საოჯახო სასტუმროები და სხვა. თუმცა, როგორც ბოლო წლები აჩვენებს, „მთის კანონით“ დაწესებულმა შეღავათებმა ვერც მოსახლეობა დააბრუნა ხულოში და ვერც შობადობა გაზარდა.
მართალია, რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრესი იყო, მაგრამ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2026 წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამის მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა არ ყოფილა.
თუ თვალს მივადევნებთ ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობის ბოლო ათწლიან დინამიკას, ანუ „მთის კანონის“ ამოქმედების შემდგომ პერიოდს, ვნახავთ, რომ წელს იქ ყველაზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ ბოლო ათ წელიწადში ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობამ მაქსიმუმს 2025 წელს მიაღწია (28 800 ადამიანი). აღნიშნული მონაცემები შეტანილია საქსტატის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“. მანამდე, 2024 წელს, საქსტატმა მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩაატარა. რას უკავშირდება 2026 წელს მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი შემცირება, განმარტებული არაა. ცნობილია, რომ შარშანწინ აღწერა განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარდა, თუმცა 2025-2026 წლების სხვაობას ეს ვერ ხსნის.
საინტერესოა ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში დაბადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა. იმავე ათწლიანი პერიოდის მიხედვით, დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებს (გარდა 2018 და 2022 წლებისა).

დიაგრამა 2 მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ბავშვი 2017 წელს დაიბადა. ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იყო 2020 წელს (აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2020-2021 წლებში გარდაცვალების მიზეზებს კოვიდპანდემიაც დაემატა). ზოგადად, მოცემულ ათწლიან პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე ნაკლები ბავშვი შარშან დაიბადა. იმავე წელს ყველაზე დაბალია გარდაცვალების მაჩვენებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მატება ყოველთვის დადებითია (2022 წლის გარდა), ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, წინა წელთან შედარებით, 12 700 ადამიანით შემცირდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით, 8 400 ადამიანით.
ნახეთ მოსახლეობის გამოკითხვა ⇓
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა – აუდიტი
სუს-მა ქობულეთსა და ხულოში კორუფციული დანაშაულების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა

