ბათუმის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში, საფეხმავლო ხიდის ქვეშ მდებარე არასაცხოვრებელი ფართების მოიჯარეებისთვის საიჯარო გადასახადის გადახდის ვადის გადაწევისა და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხზე.
საკრებულოს განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, მოიჯარეებისთვის საიჯარო გადასახადის პირველი გადახდის ვადა 2026 წლის 1 ივნისიდან 1 დეკემბრამდე გადაიწევს, სარგებლობის ვადა კი ექვსი თვით გახანგრძლივდება და ჯამში 5 წელი და 6 თვე იქნება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მოიჯარეების გათავისუფლებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
ცნობისთვის, ხიდის ქვეშ მდებარე კომერციული ობიექტების მდგომარეობის შესახებ „აჭარა თაიმსი“ არაერთხელ წერდა. სივრცეში წყალი ჩადის, რაც, თავის მხრივ, ობიექტების გამოყენებასა და კომერციული საქმიანობის დაწყებას აფერხებს.
მოიჯარეებს შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, კომერციული საქმიანობის დაწყება გაურთულდათ. ობიექტების უმრავლესობა კი დღემდე არ გახსნილა.
საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ფართების იჯარით გაცემისას მოიჯარეებს დაევალათ, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, ფართები სათანადო მდგომარეობაში მოეყვანათ და შესაბამისი საქმიანობა დაეწყოთ.
თუმცა, მერიის განმარტებით, იჯარით გაცემულ ზოგიერთ ობიექტში წყლის ჩადინება, ნესტი და სხვა ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა, რაც ფართების სრულფასოვან გამოყენებასა და საქმიანობის დაწყებას აფერხებდა. არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მოიჯარეებმა საკუთარი ფინანსური სახსრებით სარემონტო, აღდგენითი და ტექნიკური სამუშაოები ჩაატარეს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების დასრულების, წყლისა და დასუფთავების მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებისა და ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები ახალი შეთანხმების ხელმოწერის დღიდან აითვლება.
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილი იქნება, შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანოს და მოიჯარეები პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლოს.
საკითხზე გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მომდევნო სხდომაზე მიიღებს.
გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

