ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები დილიდან ბათუმის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, დასახლებაში 50-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი მესამე დღეა არ მიეწოდება.
ადგილობრივების თქმით, ჭაბურღილებში წყლის დებეტი გაქრა, რასაც ისინი მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირებენ. მოსახლეობა რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა ბათუმის მერთან შეხვედრას. მოგვიანებით მერიის დაცვის სამსახურმა შეკრებილებს შეატყობინა, რომ გიორგი ცინცაძე მხოლოდ ხუთ ადამიანს შეხვდებოდა. ამ წინადადებას ადგილობრივები არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ მერს ან ყველა შეხვდებოდა, ან, არავინ.
მოგვიანებით ბათუმის მერმა მოსახლეობა სრულად მიიღო, თუმცა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მედიას მასზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმის მერიამ „აჭარა თაიმსს“ წერილობით აცნობა, რომ ტაოს ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება.
„პარალელურად, ბათუმის წყალმა დაიწყო ალტერნატიული გზების შესწავლა, რათა მოსახლეობას უმოკლეს ვადებში სასმელი წყლის დროებით მიწოდება უზრუნველყოს“, – აცხადებენ უწყებაში.

