გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩუბინიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
უწყება მას 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დეზინფორმაციის სისტემატურად გავრცელებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო შეთანხმებით აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხზე აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის. უწყების განმარტებით, საზღვრის დადგენა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებსა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას მოითხოვს, ხოლო ამ საკითხზე მოლაპარაკებები სამთავრობო კომისიის უფლებამოსილებაა.
უწყების ცნობით, ჩუბინიძე ასევე უკავშირებდა მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებას შურისძიების მოტივით შესაძლო მკვლელობას და ამტკიცებდა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებას უკავშირდებოდა.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებებით ჩუბინიძემ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იმოქმედა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებისა და დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, უწყება სასამართლოს ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

