სამოქალაქო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების განხილვას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს პროცესი ქვეყანაში ავტოკრატიზაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს.
ორგანიზაციების შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილი სარჩელები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის სტანდარტებს.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სარჩელში ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმართვა კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან მანიპულაციურად არის გაიგივებული.
მათი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლისა და ოპოზიციური ლიდერების დევნის ფონზე განიხილება.
ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების მიხედვით, ჯამში 784 830 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ამომრჩეველთა თითქმის 38%-ს შეადგენს.
„იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში […] 784 830 მოქალაქის (ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის) მხარდაჭერა მოიპოვეს, უთანაბრდება ასობით ათასი ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, პარტიების აკრძალვამ შესაძლოა კიდევ უფრო შეარყიოს არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა, შეზღუდოს ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის შესაძლებლობა და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებენ, საქმე დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განიხილონ და გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული მონაწილეობისა და მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის დაცვის პრინციპებით იხელმძღვანელონ.
მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები და არ შეეგუონ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებსაც მიმართავენ, ყურადღებით დააკვირდნენ სასამართლოში მიმდინარე პროცესს და მის შესაძლო გავლენას პოლიტიკურ პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ გარემოზე.
განცხადებას ხელს აწერენ სამოქალაქო საზოგადოების 20 ორგანიზაცია, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

