21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, რომლის მიზანიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების მომავალს არ ეხება. ის ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების ფარგლებს სცდება და გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის პოლიტიკურ (და არა მხოლოდ) გარემოზე.
რომელი სამართლებრივი საფუძვლებით შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების გამართლება და შეზღუდავს, თუ – არა ის მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებს? „აჭარა თაიმსის“ კითხვებს პასუხობს ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი კობა ჯუმუშაძე.
- თუ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, მოჰყვება, თუ – არა ამას მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა?
– ჩვენი კონსტიტუციის 24-ე მუხლი გვეუბნება, რომ სახელმწიფოში „უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა“. ნების გამოვლენა (ნებელობა) რაღაცის ან ვიღაცის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა გაქვს რამდენიმეში ერთის ან მეტის არჩევის უფლება. ყველა სხვა შემთხვევაში ნებელობა, როგორც ცნება, მთელი თავისი არსით იხსნება დღის წესრიგიდან და მის ადგილს იჭერს იძულება. იძულება, როგორც გარდაუვალი მოცემულობა. ეს კი თავისთავად არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა. ისე, როგორც ავადსახსენებელ საბჭოთა ეპოქაში ადამიანის ხმა არავის არაფრად მიაჩნდა და მისი ძირითადი ფუნქცია შემოიფარგლებოდა იმით, რომ ის ყოფილიყო არა სრულფსოვანი მოქალაქე, არამედ ერთგვარი ბიორობოტი, რომელიც მოქმედებდა ცენტრიდან წამოსული დირექტივებით, ვალდებული იყო შეექმნა რაღაც დოვლათი, მაგრამ ამ დოვლათის მხოლოდ მინიმალური წილი რჩებოდა მას, დანარჩენი ვის და როგორ ხმარდებოდა, ყველას წაგვიკითხავს, ნაწილობრივ გვინახავს, ან მინიმუმ გვსმენია.
- ამასთან, ეს გამოიწვევს პოლიტიკური კონკურენციის შესუსტებასა და ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში, ასეა?
– რა თქმა უნდა, გამოიწვევს. თუ ეს პროცესი საბოლოოდ მართლაც აკრძალვების იმ მასშტაბით დასრულდა, როგორც დაანონსებულია, ეს გააქრობს პოლიტიკურ კონკურენციას, რაც, თავისთავად, პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ერთი პარტიის დარჩენას ნიშნავს. რამდენად დემოკრატიულია ეს, ან – რამდენად ავტორიტარული, თავად მკითხველს შეუძლია განსაჯოს. 2016 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციაში შემავალი ყველა პარტნიორი პარტია ჩამოიცილა გზიდან და 10 წლის თავზე უკვე ამ მოცემულობამდე მიიყვანა სიტუაცია. ნაცვლად იმისა, რომ ჯანსაღ კონკურენციაში შესულიყო, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ყოფილ მმართველ პარტიასთან, ან 2012 წლის შემდეგ გაჩენილ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით ქვეყანა ამოეყვანა იმ კრიზისიდან, რომელშიც ვიყავით პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური მართვის გამოცდილების, პოლიტიკური განათლების ნაკლებობის გამო და ამით თუნდაც ნაწილობრივ ამოევსო ის 70-წლიანი ჩავარდნა, რომელიც პირველი რესპუბლიკის დაკარგვის შემდეგ განვიცადეთ, როცა „ქართული პოლიტიკა“, როგორც ცნება, საერთოდ გამქრალი იყო ჩვენი ყოველდღიურობიდან, ვბრუნდებით ისევ სადღაც რუსულ-კომუნისტურ ჰიბრიდთან. ეს არავის სიკეთეს არ მოუტანს. თქვენ წარმოიდგინეთ, არც თავად პარტია „ქართული ოცნებისთვისაა“ ამ პროცესში რამე სასარგებლო. მით უმეტეს, არაფერია მასში ისეთი, რაც ჩვენს მიწაზე სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტებისგან შემდგარი ცოცხალი ორგანიზმის, შენებისთვის ან ზოგადად, ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი. ეს მხოლოდ რეგრესისკენ მიმავალი გზაა.
- ამ ფონზე, ხომ არ არსებობს საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღრმავების რისკი?
– არა მგონია, ამ საკითხის გამო საზოგადოებაში იმაზე მეტი პოლარიზაცია და დაპირისპირება გაჩნდეს, ვიდრე აქამდე იყო. უფრო პირიქით, საშუალოვადიან პერიოდში, „ქართული ოცნების“ ერთგული ამომრჩევლებიც ნელ-ნელა დარწმუნდებიან, თუ რაოდენ გაბითურდება ამით ქვეყანაც და ხალხიც, შესაბამისად, ბევრი მათგანი შეიცვლის პოზიციასაც. უბრალოდ, ეს ცვლილება ძალიან გვიანი არ უნდა იყოს, თუ არ გვინდა, რომ დამოუკიდებლობიდან დღემდე მოპოვებული ის მცირე მონაგარიც დავკარგოთ, რომლისთვისაც, თითქმის ოთხი ათეული წელია, სასოებით შრომობს ბევრი ქართველი და მომავალს, ასე თუ ისე, იმედის თვალით უყურებს.
- მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ იმოქმედებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ ინტეგრაციაზე, ან, იქნებ, საერთოდ ესეც იყოს მიზანი, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში ძალის კონცენტრაციით, შესაძლებელი გახდეს კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის შეცვლა და ევროინტეგრაცია სიტყვის მასალადაც აღარ გამოიყენებოდეს?
– იმდენად, რამდენადაც 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ თანმიმდევრობით წვავს ყველა ხიდს, რომლებიც დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებსა თუ ინსტიტუციებში ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული, იქ ეს დიდად არ გაუკვირდებათ. მეტიც, შეიძლება ისინი ჩვენზე ადრეც ხვდებოდნენ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, საქმე აქამდე მივიდოდა. დასავლეთში იციან, რომ მმართველ პარტიას არავითარი ულტიმო რაციოს (Ultimo ratio – უკიდურესი საშუალება) მომენტი არ ჰქონდა და ეს, უბრალოდ, მაგიდის აყირავების კიდევ ერთი დემონსტრირებაა მინაწერით: „ნახეთ, სულ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი, აქ ჩვენ, რასაც გვინდა, იმას გავაფუჭებთ, თუნდაც გვავნოს, დაგიმტკიცებთ ჩვენს „სუვერენულობას“. ასეთი რამ კი ყოველგვარ საღ აზრსა და რაციონალურობას მოკლებულია. საბოლოოდ, თუ მსოფლიოში დაწყებული ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების დრო გაურკვეველი ვადით გაიწელა (და ასეთი პირიც უჩანს ამ ყველაფერს), მათი გათვლა ისაა, რომ სანამ გარეთ მათთვის ძალიან ცოტას სცალია და ხალხიც აპათიაშია, სურთ მოასწრონ ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება (უზურპაცია). ამისთვის კი საკონსტიტუციო უმრავლესობაა აუცილებელი, რათა ჩვენი კონსტიტუციის მუდმივი გადაკეთების (ჭრა-კერვის) ფონზე, არც გარეთ და არც შინ, შემდავებელი არავინ დარჩეს.
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა
ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

