საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის პირველი დღე დასრულდა. პროცესზე მხარეებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შორის კი პოლიტიკური განცხადებების დასაშვებობაზე კამათი გაიმართა.
სარჩელი პარლამენტის 88 დეპუტატის სახელით არის წარდგენილი და ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის აცილება მოითხოვა, ნაწილმა კი კონკრეტული მოსამართლეების. პლენუმმა ორივე ტიპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მოუწოდა, თავიანთი პოზიციები სამართლებრივი არგუმენტებით დაესაბუთებინათ.
„პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოს პოლიტიკური განცხადებები არ აინტერესებს. დაიმახსოვრეთ, სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!“ – განაცხადა ნადარაიამ.
თავმჯდომარის შენიშვნას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ სარჩელი მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას არ ეხება და, მისი შეფასებით, პროცესის შესაძლო შედეგები უფრო ფართო პოლიტიკურ გარემოზეც აისახება.
გვარამიამ შუამდგომლობა დააყენა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობის შესახებ. მისი თქმით, კომისიის დასკვნა პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველია. ამ საკითხზე საუბრისას გვარამიასა და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ნადარაიამ პოლიტიკოსს მოუწოდა, სასამართლოსთან კორექტულად ესაუბრა, და გააფრთხილა.
სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობებიც დააყენეს. პარტიის წევრმა ანა წითლიძემ მოითხოვა, მოწმის სახით დაეკითხათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. პლენუმმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოგვიანებით პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა. დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილი ქვეყანაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი დაკითხვა საქმის გარემოებების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია.
სასამართლოში მიმდინარე პროცესს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია. მისი შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, სახელმწიფო ინტერესების უკან ამოეფაროს და ამ გზით საკუთარი წარსული ქმედებები გაამართლოს.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით კი, მმართველი გუნდი მზად არის, საკითხი სამართლებრივად განიხილოს. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიცია სამართლებრივი არგუმენტებით შეძლებს ოპონირებას, და აღნიშნა, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, არღვევდნენ თუ არა პოლიტიკური გაერთიანებები კონსტიტუციას.
სხდომის დასასრულს მოსამართლემ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების დაზუსტების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ“, – მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
გოცირიძის განცხადებით, საჭიროა იმის მკაფიოდ განსაზღვრა, სარჩელში წარმოდგენილი რომელი ფაქტი რომელ პოლიტიკურ პარტიას მიემართება. მოსამართლემ კითხვები დასვა 2003-2012 წლებში მომხდარი ფაქტების შესახებაც და დაინტერესდა, როგორ უკავშირდება აღნიშნული გარემოებები დანარჩენ ოთხ პოლიტიკურ გაერთიანებას.
„აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
მოსამართლის ეს განცხადება მოჰყვა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის, შენიშვნას, რომ მოპასუხე მხარისთვის გაუგებარია, სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკრეტულად რომელ პარტიას მიემართება. სიორიძემ მაგალითად მოიყვანა 2003-2012 წლების მოვლენები და აღნიშნა, რომ „ლელო“ 2019 წელს დაარსდა.
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემაც განაცხადა, რომ გაუგებარია, კონკრეტულად რა პრეტენზიებს უყენებს მათ მოსარჩელე. მისი თქმით, სარჩელში ნათლად არ არის იდენტიფიცირებული, რომელმა მოპასუხე პარტიამ უნდა გასცეს პასუხი კონკრეტულ გარემოებასა თუ გადაწყვეტილებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 22 და 23 ოქტომბერსაც გაგრძელდება. პროცესის ფარგლებში მხარეებს საკუთარი პოზიციების წარდგენისა და სარჩელთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
რა შეფასებები გაკეთდა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე? ნახეთ „აჭარა თაიმსის“ ჩართვა ადგილიდან ⇓
რა შეფასებები გაკეთდა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ? ნახეთ „აჭარა თაიმსის“ ჩართვა ადგილიდან ⇓
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა
ოპოზიციის აკრძალვა საქართველოში – კონსტიტუციური თავდაცვა თუ პოლიტიკური კონკურენციის გაუქმება

