თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარედგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, სხვადასხვა ქალაქში, იურიდულ პირებთან უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, – ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
“სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.