ქალი, რომელიც ქმარს ფიზიკურ ძალადობაში, მუქარაში და შანტაჟში ადანაშაულებს კვლავ ოჯახში რჩება, უფრო მეტიც „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს მობილური ჩამორთმეული აქვს და ქმრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
საქმე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში დაფიქსირებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხება. მსხვერპლმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველს წერილობით მიმართა. ჯ.შ. პოლიციამ დააკავა, მას ჩხრეკისას სახლში ასევე, ცეცხლსასროლი იარაღებიც აღმოუჩინეს.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჯ.შ-მ ციხე გირაოს საფუძველზე მეორე დღესვე დატოვა. ჩვენ მოვიპოვეთ ქალის მიერ ძალოვანი უწყებებისთვის გაგზავნილი საჩივრის ასლი. დაზარალებული განცხადებაში წერს, რომ ის ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია. „ეჭვიანობის ნიადაგზე ჩემი დახრჩობა სცადა, ახორციელებს მუქარას, შანტაჟისა და შვილების გამოყენების გზით მაიძულებს მასთან ცხოვრებას,“ – წერს ქალი პოლიციისთვის გაგზავნილ წერილში.
ძალადობის მსხვერპლი გამომძიებლებს ასევე, უყვება, რომ ქმარმა მისი პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა, რითაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ქალმა მოგვიანებით ქვეყნის დატოვა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, ქმარმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ თითქოს ის ნარკოტიკული ზემოქვედების ქმეშ იმყოფებოდა და სხვა კაცმა გაიტაცა. „საზღვარგარეთ ყოფნისას გამიტეხეს სოციალური ქსელები და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების გარდა, დაადგინეს ჩემი ადგილმდებარეობა. ისევ შანტაჟის გზით მაიძულეს სახლში დაბრუნება,“ – წერს ქალი ჩვენებაში.
საქმეში ასევე დევს აუდიო მტკიცებულებები. კერძოდ, ჩანაწერში ისმის კაცის მხრირად განხორციელებული მუქარის შემცველი ფრაზები, ასევე შეტყობინებების სქრინები. დაზარალებული პოლიციის განყოფილებაში ხუთჯერ გამოიკითხა, მას ჩაუტარდა ექსპერტიზაც.
„აჭარა თაიმსს“ წყარო უყვება, რომ ჯ.შ-მ საპატიმრო ჩინოვნიკების გავლენების შედეგად დატოვა. მისი ძმა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ მიქელაძის აპარატის თანამშრომელია, ასევე, ის (ძალადობაში ბრალდებული) მაღალ თანამდებობაზე დასაქმებულია „ქართულ ოცნაბასთან“ დაკავშირებულ და შემწირველ ბიზნესმენთან გია ჭყონიასთან. როგორც წყარო გვიყვება ჯ.შ-ს ასევე მფარველობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე.
„თავად დადის ხალხში და ყვება თუ როგორ პატრონობენ აღნიშნული პირები. ამბობს რომ ხელშეუხებელია, ცოლი კი სახლში ჰყავს გამოკეტილი,“ – გვიყვება სოფელ კვირიკეში მცხოვრები ერთ-ერთი პირი.
ჯ.შ-მ ჩვენთან საუბრისას სავარაუდოდ ძალადობის შემთხვევები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბრალდება ტყუილია, თუმცა მან დაადასტურა ციხეში ყოფნისა და დაკავების პროცესში ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ცნობები. ბრალდებულმა აქვე აღნიშნა რომ სანადირო თოფები მის კანონიერ მფლობელობაშია.
„რა უფლება აქვს ჟურნალისტს ეს ამბავი გააშუქოს. რა მნიშვნელობა აქვს რა ბრალდება იყო ჩემს მიმართ. მე არაფერში არ ვარ ბრალდებული. არ მაინტერესებს ეს ამბავი, ის ქალი ჩემი მეუღლე აღარაა, გავშორდით ოფიციალურად. არ გეტყვი ვინაა ჩემი ადვოკატი, ჩემს უფლებებს არღვევთ. საპატიმროს ტყუილად ხომარ დავტოვებდი? არ ვიყავი დამნაშავე და გამათავისუფლეს. არაფერში არ მადანაშაულებს ის ქალი, შეცვალა პოზიცია და აღარ მადანაშაულებს. იარაღებს რაც შეეხება, სამივე გაფორმებული მაქვს, ჩემს საკუთრებას წარმოადგენს. პოლიციამ დამაკავა ქალაქში, იარაღი კი მოგვიანებით სახლში ჩხრეკისას უკანონოდ ამოიღეს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯ.შ-მ.
ჯ.შ-სთან საუბრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში მისი ინტერესების დამცველი დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობასა და გენდერის ნიშნით მუქარაში ბრალდებული უდანაშაულოა. დავით ჯაფარიძის თქმით, საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 25 აპრილს გაიმართება.
„სასამართლო პროცესებზე დავადასტურეთ, რომ აღნიშნული ქალის მიმართ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არასდროს უძალადია, მათ შორის ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაიკითხა მომჩივანის მშობლები, უახლოესი მეგობრები და შვილები, რის საფუძველზე ბრალდება არ დგინდება. სამწუხაროდ მოსამართლემ თავი დაიზღვია და მას 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მტკიცებულებები გამოკვეული იქნება ბოლო სხდომაზე. ეს კაცი არ სარგებლობს ჩინოვნიკების გავლენებით, ტყუილია. იარაღები, რომლებიც ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა წარმადგენს მის საკუთრებას,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის: ჩვენ ბრადებულის ძმასთან, ბიზნესმენ გია ჭყონიასთან, დეპუტატ ზაალ მიქელასთან და პოლიციელ დავით დიჟვაძესთან დაკავშირება ვერ შეველით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები საქმის ირგვლივ პოზიციის დაფიქსირებას ისურვებენ ჩვენ მოსმენისთვის და პოზიციის გახმოვანებისთვის სივრცის დათმობისთვის მზად ვართ.
აქვე დაგაინტერესებთ: ფემიციდის შემთხვევა შუახევში – ქმარმა ცოლი მოკლა