კომპანია „პასკალი“ საჩივრით მიმართავს დავების საბჭოს და ასაჩივრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გამაგრილებელი და სავენტილაციო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებული ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. კომპანია მიიჩნევს, რომ ტენდერის შეჩერების მოტივი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება შესყიდვების კანონმდებლობას.
სატენდერო პროცედურა ეხება ელექტრონულ ტენდერს, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 963,077 ლარს. ტენდერი გამოცხადდა 2025 წლის 6 მარტს, თუმცა 2025 წლის 6 ივნისს შემსყიდველმა – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იგი შეწყვიტა, მიზეზად კი მიიჩნია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული იყო კონკრეტული მოდელები, რაც, მისი განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის შესყიდვების წესებთან.
კომპანიის შეფასებით, აღნიშნული მოტივი გაუმართლებელია, რადგან სატენდერო დოკუმენტაციის ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ განმარტავს, რომ კონკრეტული მოდელის არსებობის შემთხვევაშიც დაშვებულია „მსგავსი ან ექვივალენტური“ პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, მოდელის არსებობა დოკუმენტაციაში არ ნიშნავს, რომ შემსყიდველი აუცილებლად ამ მოდელს ითხოვდა.
კომპანიამ ასევე დააყენა კითხვა, რატომ ატვირთა შემსყიდველმა ერთნაირი შინაარსის ორი ცალკე ოქმი ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რაც იწვევს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასა და ლოგიკურ სისწორეზე.
დავების საბჭომ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი და დაავალა ტენდერის შეწყვეტის საკითხზე დამატებითი დასაბუთებული მსჯელობის წარდგენა. საბჭომ აღნიშნა, რომ სხდომის ოქმებში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმაზე, რატომ ვერ მოხდებოდა მოდელების გარეშე შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერა, ან რატომ არ შეიძლებოდა მსგავს/ეკვივალენტურ მოდელებზე წინადადების მიღება პრეტენდენტებისგან.
დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ სათანადოდ უნდა შეისწავლოს საკითხი და დასაბუთებით განმარტოს, მართლაც არსებობდა თუ არა ტენდერის შეწყვეტის ობიექტური და წინასწარ გაუთვალისწინებელი აუცილებლობა.
დავით გაბაიძემ, ისტორიაში პირველად, უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურა



