
AJARATIMES.GE-ის შესაძლებლობა ჰქონდა ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მყოფი მერის მოადგილისთვის ფიჭვების გაჩეხვის ნებართვის საკითხზე გასაუბრებოდა. გადაწყვეტილებას დავით ვერულიძე რამდენიმე არგუმენტით ხსნის, თუმცა მასთან საუბრისას ირკვევა, რომ პროცესში მუნიციპალიტეტს სპეციალისტი ჩართვის აუცილებლობა საჭიროდ არ ჩაუთვლია.
“ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, შესაბამისად მესაკუთრეს აქვს უფლება მოითხოვოს ხეების მოჭრის ნებართვა. ის ხე-მცენარეები, რომლებიც მოიჭრა საფრთხეს წარმოადგენდა. ქარის დროს იქცეოდა და სავალალო შედეგებით სრულდებოდა. ნებართვის გაცემის მოტივი სწორედ ამას ეფუძნებოდა,”- გვითხრა დავით ვერულიძემ, რომელსაც შევახსენეთ, რომ ფიჭვნარის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებებს წარმოადგენს, მისი პოზიციისა და ლოგიკის შესაბამისად კი, კერძო პირების სურვილების დაკმაყოფილებით შესაძლოა ტურისტულმა ქალაქმა მისი უნიკალურობა დაკარგოს.
ქობულეთის მერის მოადგილემ საუბრისას კიდევ ერთი არგუმენტი მოიშველია. ამჯერად დავით ვერულიძემ, სტიქიური მოვლენების შედეგებზე დაიწყო აპელირება. “ეს ხეები შეფასდა როგორც რისკის შემცველად” – აღნიშნავს კიდევ ერთხელ ჩინოვნიკი, თუმცა მან ვერ წარმოგვიდგინა სპეციალისტის დასკვნა, რის საფუძველზეც უნიკალური ფიჭვების მოჭრის ნებართვა საფუძვლიანად ჩაითვლებოდა და საზოგადოებაში კითხვებს არ გამოიწვევდა.
“ქარის დროს ხე წაიქცა და ადამიანი დაიღუპა,” – დავით ვერულიძემ, მოგვიანებით ფიჭვების გაჩეხვის გამართლება კიდევ ერთი არგუმენტით სცადა, თუმცა მას შევახსენეთ, რომ აღნიშნული ფაქტი იმ ტერიტორიიდან მოშორებით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. “შესაბამისი კომისია იყო და შეისწავლა საფუძველი,” – მერის მოადგილე კიდევ ერთ არგუმენტს იშველიებს, მაგრამ ვინ შედიოდა კომისიის ჩამონათვალში არ გვეუბნება. (სავარაუდოდ, კომისია მხოლოდ საჯარო მოხელეებით იყო დაკომპლექტებული ავტ.)
აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთის მერიამ არ მოგვაწოდა სანებართვო დოკუმენტაცია, რითაც გაირკვეოდა ხეების გაჩეხვის ნებართვა რას ეფუძნებოდა. უწყება დოკუმენტის მიღებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე გვპირდება. დავით ვერულიძეს აქვე შევახსენეთ, რომ ქობულეთის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებს არღვევს, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ გასცემს. “რატომ ვერ ღებულობთ საჯარო ინფორმაციას არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, კონკრეტული შემთხვევები არ ვიცი. გავერკვევი და მოგახსენებთ,” – გვითხრა დავით ვერულიძემ და ამით ჩვენთან საუბარი შეწყვიტა.
“აჭარა თაიმსი” ქობულეთის მერიისგან საჯარო ინფორმაციების მიღებას მეორე თვეა, რაც ელოდება. უწყების პრესსამსახურში მიზეზებზე ვერ გვპასუხობენ. (კანონის თანახმად, საჯარო უწყებამ ინფორმაცია არაუგვიანეს ათი დღის ვადაში უნდა გასცეს). IDFI-ის კვლევის თანახმად, 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ქობულეთში ქარსაცავი ზოლის გაჩეხვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მაკონტროლებელ რგოლში ინფორმაცია არ გააჩნიათ. საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი გვარწმუნებს, რომ აღნიშნულის შესახებ “აჭარა თაიმსიდან” შეიტყო.
“ეს საკითხი ჩემამდე არაა ცნობილი. მე ალბათ შევისწავლი ამ თემას და მერე კომპეტენტურად შემეძლება გაგცეთ პასუხი,” – ამბობს დავით მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას. საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ რამდენად მართებულად მიაჩნია უნიკალური ფიჭვების გაჩეხვის გადაწყვეტილების მიღება სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე. “გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებას. მე მჯერა, რომ ნებართვა კანონიერი იქნება. მე ვფიქრობ, რომ კერძო საკუთრებაშიც მეპატრონეს სჭირდება განმარტება თუ რისთვის ხდება ხის მოჭრა და ამის შემდგომ უნდა გაიცეს ნებართვა,” – განგვიცხადა დავით მჭედლიშვილმა.
ფიჭვებსა და მუხების გაჩეხვის ფაქტზე “აჭარა თაიმსი” ერთი თვის წინ წერდა. წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ AJARATIMES.GE-ის განუცხადა, რომ ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. “არა, სპეციალისტი არ ჩაგვირთვია პროცესში. მაგას სპეციალისტი არ სჭირდებოდა, ისედაც აშკარა იყო. გამოცდილ ხალხს ვკითხეთ და გვითხრეს, რომ ნიადაგი ვერ გაუძლებდა ამ სიმძიმეს,” – ამბობდა მაშინ ჩვენთან ინტერვიუში ვახტან ქობულაძე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიჭვების გაჩეხვის პროცესს ადგილობრივი ოპოზიცია არ ეწინააღმდეგება. მას შემდეგ საკრებულოს რამდენიმე სხდომა გაიმართა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ამ თემაზე კითხვაც კი არ გასჩენიათ.
ინფორმაციისთვის: ქობულეთის სანაპირო ზოლში მრავალწლიანი ფიჭვების გაჩეხვის ეს პირველი შემთხვევა არაა. მუნიციპალიტეტში ინვესტიციებს ასეულობით ხე ეწირება.