სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომბოსტოსა და ჭარხლის ოთხ ნიმუშში ნიტრატების დაშვებულზე მაღალი რაოდენობა დააფიქსირა.
სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კომბოსტოსა და ჭარხლის ორ-ორ ნიმუშში დადგენილ ნორმებზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, რის საფუძველზეც სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სეზონური ხილისა და ბოსტნეულის 84 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს სხვადასხვა მაჩვენებელზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) შესამოწმებლად. კვლევამ აჩვენა, რომ საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშები ნორმის ფარგლებშია.
ამავდროულად, სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ბაზარზე გავრცელებული საეჭვო ხელსაწყოებით ხილისა და ბოსტნეულის ნიტრატების თვითნებურად გაზომვა სარწმუნო არ არის. სააგენტო განმარტავს, რომ ასეთი ხელსაწყოებით მიღებული შედეგები არ შეესაბამება სამეცნიერო და ლაბორატორიულ სტანდარტებს და, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.



