ბათუმში, ზედა ღელეს დასახლებაში, გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია. 22 გვარის 200-ზე მეტ ოჯახს ერთი მოთხოვნა აქვს. ისინი ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და წინაპართა საკუთრებაში არსებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ ხელთ აქვთ არქივებიდან ამოღებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მათი წინაპრები ფლობდნენ დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ფართობს. მათი თქმით, ეს მიწა არამხოლოდ საარსებო სივრცე, არამედ თაობების მემკვიდრეობად ქცეული ტერიტორია იყო.
ადგილობრივების მტკიცებით, 1990-იანი წლების ბოლოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მათ მიწის სარგებლობის უფლება უკანონოდ ჩამოართვა, მოსახლეობა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ხოლო თავად მიწა უმეთვალყურეოდ დატოვეს. მათივე თქმით, არაერთი ხელისუფლება იძლეოდა სამართლის აღდგენას, თუმცა დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიღებულა.
„ამ მიწებზე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. აქ მათი საფლავებია. ტერიტორია ახლა გაუვალია და მიტოვებული, მაგრამ ჩვენთვის ისევ ძვირფასია. ამიტომაც გავაერთიანეთ ჩვენი ხმები,“ – ამბობდნენ აქციაზე ადგილობრივები.
სოფლის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ შესაძლოა მიწა უცხო ინვესტორებზე გასხვისდეს. ისინი საჯაროდ აფრთხილებდნენ პოტენციურ მყიდველებს:
„იცოდეთ, ამ მიწის ამბავი მხოლოდ სახელმწიფოსთან არ არის დაკავშირებული – პირველ რიგში, ჩვენთან გაქვთ საქმე. არ დავთმობთ წინაპართა საკუთრებას, რომლისთვისაც თაობებმა იშრომეს.“
აქციის ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ თუ ხელისუფლება კვლავ არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.



