თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ისინი უარს ამბობენ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა და მოძრაობებმა: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ფედერალისტები“.
განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. პარტიების შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს და, მათი თქმით, ამით შესაძლოა „ლეგიტიმაციის ფასადი შეექმნას უკანონო რუსულ რეჟიმს“.
„გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!“ — ნათქვამია განცხადებაში.
პარტიები ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას არადემოკრატიული და ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟისთვის, ევროპული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გასაძლიერებლად.
აქციის დასრულების შემდეგ, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც შიმშილობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მართავდა, განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.



