საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებმა ჯამში 2.1 მილიონი მგზავრი გაატარეს, რაც 17.7%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მათგან 1.1 მილიონი მგზავრი ქვეყანაში შემოვიდა (ზრდა 17.4%), ხოლო 1 მილიონი მგზავრი – გაემგზავრა (ზრდა 18.1%).
მგზავრთა ნაკადის 95.1% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საჰაერო რეისების მხრივაც ზრდა დაფიქსირდა — კვარტალში განხორციელდა 8.6 ათასი სამგზავრო რეისი, რაც 12.8%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის მეორე კვარტალში. ტვირთისა და ფოსტის მიმართულებით, აეროპორტებმა 9.0 ათასი ტონა დაამუშავეს, საიდანაც 92.2% შემოსული იყო, ხოლო 7.8% – გაგზავნილი.
ამავე პერიოდში შესრულდა 0.9 ათასი სატვირთო რეისი, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 86.9%-ით მეტია. საერთო ჯამში, 2025 წლის II კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და 38.2 ათასი ტონა ტვირთი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 1.5%-ით გაიზარდა, თუმცა ტვირთის მოცულობა 18.6%-ით შემცირდა.



