იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, სააგენტოს მხრიდან გაკეთებული კომენტარი შავი ზღვის სანაპირო წყლებში შხამიანი თევზის არსებობასთან დაკავშირებით არაკომპეტენტურია და საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს.
გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ მას ხელთ აქვს დოკუმენტურად დადასტურებული მასალები, მათ შორის ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია შხამიანი თევზის პოვნა მდინარე ჩაქვისწყლის შესართავთან. მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს, მაშინ როცა თავად ფლობს შესაბამის სამეცნიერო მტკიცებულებებს:
„მაქვს ამ თევზის მოპოვების ვიდეოკადრები, რომელზეც მეთევზეც ჩანს. პიროვნების თხოვნით მისი სახე არ გამომიჩენია, თუმცა, თუ სააგენტო არ გამოიჩენს მეტ პასუხისმგებლობას, მომიწევს კადრების ტელევიზიაში მიტანა სახის დაბლარვით,” — წერს გუჩმანიძე.
ის ასევე აკრიტიკებს სააგენტოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ მონიტორინგს შავი ზღვის სანაპიროზე “ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები” არ დაუფიქსირებია. გუჩმანიძე ამის პასუხად აცხადებს, რომ შავი ზღვის ქართულ წყლებში მინიმუმ 10 სახეობის შხამიანი თევზი გვხვდება, რომელთაგან ზოგი — განსაკუთრებით საშიშია:
„მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად, მაგრამ ლეტალურიც შეიძლება იყოს,“ — განმარტავს სპეციალისტი.
გუჩმანიძის თქმით, ერთი წლის წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ წიგნში, რომელშიც თავადაც არის თანაავტორი, ცალკე თავი დაეთმო შხამიან თევზებს და იმ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვეკიდოთ მათ. მისი აზრით, სააგენტოს წარმომადგენლები არც სამეცნიერო ლიტერატურას ეცნობიან და არც ასეთ პრაქტიკულ დოკუმენტებს.
გუჩმანიძე შედარებას ავლებს საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, და აცხადებს, რომ აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურები და მედია მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მოსახლეობის ინფორმირებას:
„სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთან.“
სპეციალისტის განცხადებით, მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, არამედ აზიანებს სახელმწიფო სტრუქტურების ავტორიტეტსაც:
„თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, შემდეგ სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის წვლილი,“ — წერს გუჩმანიძე.
ის მოუწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საზოგადოებრივი განცხადებების გაკეთებისას და არ დაივიწყონ საკუთარი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე.
შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი – ტეტრაოდონის სახეობა დაფიქსირდა



