საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა., სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დააკავა.
უწყების ცნობით, გ.ა.-მ სააგენტოს ბალანსზე არსებული ნივთები – კერძოდ, კარტრიჯები – უკანონოდ გაასაღა და შედეგად 3 472 ლარის ოდენობით ფულადი სარგებელი მიიღო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს. იგი დაკავებულ იქნა სამსახურში, მითვისებული ქონების რეალიზაციის პროცესში“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს როგორც მითვისებული საქონელი, ასევე მის რეალიზაციაზე მიღებული თანხა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ ქონების მითვისებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე დამატებითი პირების შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მონაწილეობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება.



