ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა. ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუდასტურეს.
სკოლის დირექტორის, ქეთევან გვარჯალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსწავლეთა დედის, მაგდა მამულაძის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, ბავშვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდნენ, რის შემდეგაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა ამოქმედდა.
„ამ ეტაპზე ბავშვებს სტატუსი შეჩერებული აქვთ, თუმცა დოკუმენტაცია სკოლიდან არ გაუტანიათ. მოქმედი წესის მიხედვით, თუ მოსწავლე გარკვეული დროის განმავლობაში არ დადის სკოლაში, მშობლის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სტატუსის შეჩერება. განცხადება ერთ-ერთმა მშობელმა გადმოაგზავნა. დაბრუნების შემთხვევაში, მათ იმავე კლასში აღუდგებათ სტატუსი. განცხადებაში არ ყოფილა განმარტებული სტატუსის შეჩერების მიზეზი“, – განაცხადა „აჭარა თაიმსთან“ საუბარში ქეთევან გვარჯალაძემ.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა. ოჯახი თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა. თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ინფორმაციისთვის:პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს, თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, რა დროსაც მალულად აიღო მასპინძლის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო მოთავსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე შემინულ ფანჩატურში და მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
აქვე დაგაინტერესებთ:
- რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა



