
ბათუმის საკრებულომ მერის მოვალეობის შემსრულებელს მისცა თანხმობა, მიიღოს 218,839.32 ევროს ოდენობის გრანტი ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin (BSB) პროგრამიდან და ხელი მოაწეროს შესაბამის საგრანტო, ასევე, საპარტნიორო შეთანხმებებს.
პროექტი „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის“ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების რისკების შემცირებასა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული, წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. ბათუმში განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ბულვარისა და ცენტრალური პარკის სადრენაჟე სისტემების მოდერნიზაციისა და დაგროვილი წყლის მწვანე ზონებში მეორადი გამოყენების მიზნით.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 243,154.80 ევროა, საიდანაც 90% ევროკავშირის გრანტით დაფინანსდება, 10% კი – 24,315.5 ევრო – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გრანტის მიღება ხდება იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთს მწვავედ აკრიტიკებს, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს და მედიასა და სამოქალაქო სექტორს საგრანტო დაფინანსების მიღებას უზღუდავს, მაშინ როცა თავად აქტიურად სარგებლობს ევროპული და ამერიკული ფონდების მხარდაჭერით.