ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ორივე საბრძოლო დისციპლინაში წარმოდგენილია 10 წონითი კატეგორია.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 55 კგ, 60 კგ, 63 კგ, 67 კგ, 72 კგ, 77 კგ, 82 კგ, 87 კგ, 97 კგ და 130 კგ.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: 57 კგ, 61 კგ, 65 კგ, 70 კგ, 74 კგ, 79 კგ, 86 კგ, 92 კგ, 97 კგ და 125 კგ.
როგორც ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა თამაზ გოგელიამ აღნიშნა, ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ჭიდაობაში.
„დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, რომლის ფარგლებში გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნული ნაკრები“, — განაცხადა თამაზ გოგელიამ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 9 იანვარს დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება. შეჯიბრება ბათუმის სპორტის სასახლეში იმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



