
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბელარუსის სამი მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ლ., 2000 წელს დაბადებული ვ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.კ. – ბათუმში დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულების პირადი ნივთები და დროებითი საცხოვრებელი ბინა შეამოწმეს, სადაც სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე, მიგნებული იქნა სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებები. ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ამავე ლოკაციების ფოტოსურათები. ბრალდებულები დაკავებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს.