შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ.
შსს განცხადებით, აე-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა და ტარება, ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ე.-მ ერთ-ერთ რესტორანში, სავარაუდოდ, თურქეთში არსებული დანაშაულებრივი დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ჰ.თ.-ს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია არ მიაწოდა.
ორივე პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
- 108-ე მუხლი – განზრახ მკვლელობა;
- 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილები – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება;
- 376-ე მუხლის პირველი ნაწილი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა;
- 344-ე მუხლის პირველი ნაწილი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა;
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



