საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, მძღოლობის კანდიდატმა მძიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც გამოცდაზე ჩაჭრას ექვემდებარებოდა. ამის შემდეგ მან გამომცდელს ფულადი თანხა შესთავაზა და სთხოვა, გამოცდა გაეგრძელებინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამომცდელმა ქრთამის აღებაზე უარი განაცხადა, ელექტრონულ სისტემაში კანდიდატს უარყოფითი შედეგი დაუფიქსირა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა.
პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიმცემი პირი დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

