ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები დღეს გამოასახლეს.
ადგილზე დილიდან მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მათ შენობის დატოვება მოსთხოვეს. პროცესს, როგორც შესახლებულები ამბობენ წინასწარი გაფრთხილება არ უძღოდა.
„ქართული ოცნების“ მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, შენობაში მცხოვრებ ცხრა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრისი მუნიციპალურ თავშესაფარში შესთავაზეს.
როგორც „ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული ოჯახებისთვის თავშესაფარში სპეციალური პირობები იმოქმედებს და მათ დღის განმავლობაშიც დარჩენის შესაძლებლობაც ექნებათ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ელის აღნიშნულ ოჯახებს გრძელვადიან პერსპექტივაში და იგეგმება თუ არა მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.



