
ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს თამარ მეფის გამზირისა და დაბა მახინჯაურის მიმდებარე ტერიტორიებზე 60 სართულიანი, 210-მეტრიანი მაღლივი კორპუსების მშენებლობას.
გეგმა მოიცავს თამარ მეფის გამზირის 15, 15ა, 17, 19, 21, 23, 25, 25ა და 27 ნომრებს, ასევე თბილისის გზატკეცილის 15 ნომერს, სოფელ განთიადსა და დაბა მახინჯაურს. პროექტი ჯამში 14 მიწის ნაკვეთს ეხება, საერთო ფართობით 6 317 კვ.მ. ინიციატორი და განმცხადებელი დეველოპერი არის შპს „სიფერლი“, რომელმაც საკრებულოს მიმართა განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თხოვნით.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „სიფერლი“ მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა. ის „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლეა. თავად დამფუძნებელი გია ბიწაძე და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.
დეტალური გეგმით, ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად განისაზღვრა, რაც საკრებულოს მიერ გაცემული ნებართვით დეველოპერს საშუალებას აძლევს გადაჭარბებულად მაღალი კოეფიციენტით განახორციელოს მშენებლობა — კ-2 კოეფიციენტი იზრდება 17-მდე, რაც ბათუმში კიდევ ერთი მაღლივი კორპუსების კვარტლის გაჩენას ნიშნავს.
საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ბათუმში მაღლივი მშენებლობების ტალღას აძლიერებს. ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში მაღლივი კორპუსების მასიური მშენებლობა ხშირად ხდება ისტორიული იერსახისა და ზღვისპირა ხედების ხარჯზე, ხოლო ინფრასტრუქტურა — გზები, წყლისა და საკანალიზაციო სისტემა — ძალიან დატვირთულია.