
ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ არჩევნები „კატასტროფულად წააგო“ და პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობს. ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მყარად დგას და საზოგადოება ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა:
„ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს – მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. ცდილობენ, როგორმე გაგვასულელონ და გაგვაგიჟონ, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობა, არჩევნების შედეგების შემდეგ ქუჩაში შექმნას დაძაბულობა, განწირულია წარუმატებლობისთვის:
„მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ახლა ცდილობენ, ქუჩიდან რამე გააკეთონ. როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება ქვეყნის სტაბილურობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ.
ინფორმაციისთვის: საქართველოში არჩევნები გაიმართა პოლიტიკური რეპრესიებისა და ავტორიტეტული დამკვირვებლების გარეშე. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, დაპატიმრებული არიან.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ეს არჩევნები პირველი იყო, რომელსაც „21 საინფორმაციო რეგიონული მაუწყებლიდან 17 შეხვდა ისე, რომ ვეღარ აწარმოებდა ყოველდღიურ ახალ ამბებს“. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ვითარება მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვაზე მიუთითებდა.
ასევე, ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნებს „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ აკვირდებოდნენ, რაც ექსპერტების შეფასებით, სერიოზულ ეჭვს აჩენდა პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობაზე.