„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის – 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
უწყების განმარტებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი „მარიხუანა“. ამასთან, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი პირი, მათ შორის დაახლოებით 2000 ნარკორეალიზაციაში ჩართული ადამიანი.



