
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლის გადაწყვეტილებას იღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შარაშიძის მტკიცებით, პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
„ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ვერ შეაჩერა მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული დესტრუქციული პროცესები – მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება, ანტიდემოკრატიული კანონების მიღება და ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება,“ – განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, ბოიკოტის შედეგად ოპოზიცია ფაქტობრივად გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას აძლევდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა.
„ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა. ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო. მაგრამ დღეს აღარ ვაპირებთ არც ილუზიებში დარჩენას და არც თავის მოტყუებას,“ – აღნიშნა შარაშიძემ.
პარტიის წარმომადგენელმა ასევე, განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებმა ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო დაასუსტა, ხოლო „ქართული ოცნებას“ მისცა საბაბი ავტორიტარიზმის გასამყარებლად.
„ვხედავთ ახალი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებებს, ანტიევროპულ პროპაგანდას და პარტნიორი სახელმწიფოების დისკრედიტაციას. ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გაქრობამ ხალხი რეჟიმის პირისპირ დაუცველი დატოვა,“ – აღნიშნა შარაშიძემ.
მისივე თქმით, პარტიის მთავარი მიზანია განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა და პოლიტიკური ინსტრუმენტების ხალხისთვის დაბრუნება.
„საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები და პარლამენტი – არ ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, ისინი ეკუთვნის ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური პლატფორმის დაბრუნებას,“- განაცხადა შარაშიძემ.
ბოლოს შარაშიძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო არის გონიერი, ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკის დაბრუნება.
„საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. დროა, ტყუილს სიმართლით, ხოლო სიძულვილს – გონიერებითა და სიმშვიდით ვუპასუხოთ,“ – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ.