
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ არაკოსტიტუციური აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ბოიკოტის რეჟიმს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ. შესაბამისი განცხადება პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
მათი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური ვითარების ფონზე, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანოებიდან მოსახლეობის ხმა ისმოდეს.
არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიას ორი წევრი – ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე წარმოადგენს.
„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბოიკოტის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, თუმცა დღევანდელმა რეალობამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პროტესტის ეს ფორმა ვერ შეაჩერა „ქართული ოცნების“ მმართველობა, პირიქით – გააძლიერა იგი. ბოიკოტმა დააზიანა როგორც სახელმწიფო, ისე პოლიტიკური ძალები და საბოლოოდ მხოლოდ ხელისუფლებას წაადგა“, – განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა.
მათი შეფასებით, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გამიჯნამ საზოგადოება დაუცველი დატოვა რეჟიმის წინაშე, რომელიც განსხვავებული აზრის დევნასა და კრიტიკული ჟურნალისტიკის შეზღუდვას არ ერიდება.
„დღეს ოპოზიციის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ორგანოებიდან იბრძოლოს განსხვავებული, ჯანსაღი და პროგრესული აზრის გადასარჩენად. პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არ გამოყენება ამ პირობებში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნის წინაშე,“ – აცხადებენ გახარიას თანაგუნდელები.
დავით გაბაიძემ, ისტორიაში პირველად, უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურა