ფოტო: AI
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ახალი მაცივრის ან კონდიციონერის საყიდლად მივდივართ?
უმეტესობა უპირატესობას მხოლოდ ფასს, დიზაინსა და ენერგოეფექტურობას ანიჭებს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ: რომელი მაცივარაგენტი ანუ ეგრეთ წოდებული ფრეონია გამოყენებული ჩვენ მიერ შერჩეულ ტექნიკაში.
სწორედ ამ დეტალზეა დამოკიდებული, იქნება, თუ – არა უსაფრთხო ახალი მაცივარი ან კონდიციონერი ეკოლოგიური გარემოსთვის ანუ თქვენი ჯანმრთელობისთვის.
მარიკა ვაჭარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკა რამდენიმე თვის წინ გამოცვალა. მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც მან იხელმძღვანელა, იყო ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ტექნიკის შერჩევისას მარიკა რამდენიმე პრობლემას წააწყდა, მათ შორის, ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტების დაბალი კვალიფიკაციაა. პერსონალმა მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხა.
ჩვენი მასალის გმირი, ალბათ, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც იცის, რომ მაცივრის არჩევა მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტს კი არ ზოგავს, არამედ გარემოს და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას. მაცივარსა და კონდიციონერში კი გამოყენებულია ისეთი ნივთიერებები (ე. წ. ფრეონი), რომელთა გაფრქვევაც სერიოზულ ზიანს აყენებს ოზონის შრეს – იწვევს მის გათხელებას, განლევას.
ოზონის შრე დედამიწის ბუნებრივი დამცავი ფარია, რომელიც მზის ყველაზე საშიშ ულტრაიისფერ სხივებს აკავებს. თუ ეს ფარი თხელდება, დედამიწამდე უფრო მეტი მავნე გამოსხივება აღწევს. შედეგი კი შეიძლება იყოს კანის კიბოს გაზრდილი რისკი, კატარაქტის გახშირებული შემთხვევები და იმუნური სისტემის დასუსტება.
ოზონის შრის განლევის პრობლემა დღის წესრიგში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა და არაერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემას საერთო ძალისხმევით გამკლავებოდა. 1987 წელს ხელი მოეწერა მონრეალის პროტოკოლს, რომლის მიზანიც ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების ეტაპობრივი ამოღებაა. საქართველო ამ შეთანხმებას 1996 წელს შეუერთდა.
ამ შეთანხმების ფარგლებში ქვეყანამ აკრძალა ოზონდამშლელების იმპორტი; ეტაპობრივად ამცირებს მაცივარაგენტების მოხმარებას; არეგულირებს მაცივარაგენტების იმპორტს ლიცენზიებისა და კვოტების სისტემით; ამზადებს სერტიფიცირებულ ტექნიკოსებს, რათა დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისას, მაცივარაგენტი ატმოსფეროში არ გაიფრქვეს.
თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძველი მაცივარაგენტების შეგროვება, აღდგენა, გადამუშავება და საბოლოო განადგურების სისტემა. მოქალაქეები ძველ ტექნიკას ნაგავსაყრელზე ტოვებენ, სადაც მაცივარაგენტების გაფრქვევის საფრთხე მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობდეს ობიექტები, სადაც შესაძლებელი იქნება მწყობრიდან გამოსული მაცივრებისა და კონდიციონერების ჩაბარება და მათი დამუშავევა ტექნოლოგიით.
ოზონის შრის დაცვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ვალდებულებათა ჯაჭვში ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, რომელმაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები იკისრა, ისე ბიზნესი, რომელმაც მუდმივად უნდა იზრუნოს როგორც ინვენტარის მონიტორინგზე, ისე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
რაც შეეხება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, უსაფრთხო და ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი მაცივარაგენტებია ნაკლებად სასურველი.
ახალი მაცივრის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ მოწყობილობაში არ გამოიყენებოდეს შემდეგი მაცივარაგენტები:
- R12 (CFC) – ოზონის შრის დამაზიანებელი მაცივარაგენტი. მისი გამოყენება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაში აღარ არის რეკომენდებული.
- R22 (HCFC) – ასევე აზიანებს ოზონის შრეს და მისი გამოყენება ეტაპობრივად წყდება.
- R134a – ოზონის შრეს არ აზიანებს (ODP = 0), თუმცა აქვს მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP ≈ 1430). ამიტომ, თანამედროვე სტანდარტებით, ახალი მაცივრისთვის ნაკლებად სასურველ არჩევანად მიიჩნევა.
რომელი მაცივარაგენტებია სასურველი:
- R600a (იზობუტანი / Isobutane)
- დღეს R600a ყველაზე გავრცელებული და ეკოლოგიურად მისაღები მაცივარაგენტია თანამედროვე საყოფაცხოვრებო მაცივრებსა და საყინულეებში, რადგან:
- არ აზიანებს ოზონის შრეს (ODP = 0);
- აქვს ძალიან დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP ≈ 3);
- გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით;
- ფართოდ გამოიყენება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაში.
ეტიკეტზე შეიძლება იხილოთ შემდეგი წარწერა:
- Refrigerant: R600a / 55 g
- ეს ნიშნავს, რომ მაცივარში გამოყენებულია R600a ტიპის მაცივარაგენტი, ხოლო 55 გრამი მისი ჩატვირთული რაოდენობაა.
R290 (პროპანი / Propane)
R290 ასევე ბუნებრივი მაცივარაგენტია, რომელიც:
- არ აზიანებს ოზონის შრეს;
- აქვს დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალი;
- უფრო ხშირად გამოიყენება კომერციულ მაცივრებსა და საყინულეებში, თუმცა თანდათან გვხვდება სხვა ტიპის სამაცივრო სისტემებშიც.
სასურველია, მაცივარზე მითითებული იყოს შემდეგი ნიშნები:
- CFC-free / HCFC-free – ნიშნავს, რომ მოწყობილობა არ იყენებს ოზონის შრის დამაზიანებელ მაცივარაგენტებს.
- Insulation: Cyclopentane – მიუთითებს, რომ მაცივრის თბოიზოლაციისთვის გამოყენებულია ციკლოპენტანი – თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო საიზოლაციო მასალა.
ამდენად, ახალი მაცივრის არჩევა მხოლოდ საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილება არ არის. ესაა არჩევანი ჯანმრთელობის, გარემოსა და მომავალი თაობების სასარგებლოდ. შემდეგ ჯერზე, როცა ტექნიკის მაღაზიაში შეხვალთ, გახსოვდეთ, რომ ერთი პატარა წარწერა R600a შესაძლოა იმაზე მეტს ნიშნავდეს, ვიდრე სიმბოლოების გაუგებარი ნაკრები.
შენი ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა შენივე მაცივრიდან იწყება და ოზონის შრეზე გადის.

